ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ლიდერმა დავით მჟავანაძემ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები გურიის გუბერნატორისთვის თავის მოწონებას ცდილობენ.
"მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარ ინციდენტს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ საკრებულოს წევრები ძალის დემონსტრირებით ცდილობენ ებრძოლონ განსხვავებული აზრის მქონე პირებს. ისინი ამ ფორმით ცდილობენ ეკეკლუცონ და თავი მოაწონონ მხარის ახალ გუბერნატორს. ამის ნათელი მაგალითი იყო დღევანდელი საკრებულოს სხდომა, როდესაც ჩემს მიერ გურიის გუბერნატორთან კითხვის დასმამ გამოიწვია საკრებულოს წევრების მიერ არაეთიკური ქმედება, რომლებიც ჩემი მისამართით მუქარასაც არ ერიდებოდნენ.
მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა მომავალში სრულად და დაუბრკოლებლად უზრუნველყოფილი იყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება" ,_აღნიშნა დავით მჟავანაძემ.