დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ვიდრე დღის წესრიგს წაიკითხავდნენ, დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სიტყვა ითხოვა და განაცხადა, რომ წინა საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის ნათქვამის გამო გამოხმაურებას აკეთებდა და გაიხსენა სიტყვები, რომელიც მერე, მისივე თქმით, "ჟურნალისტებმა აიტაცეს".
_ ის, რომ თქვენ განაცხადეთ, ბიუჯეტის ფლანგვის შესახებ ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით… ახალი ფრაქციის შექმნა ბიუჯეტის ფლანგვა არ არის. თქვენ, მგონი, ამნეზია დაგემართათ, ბატონო დიმა _ ორი თვე სეფაში ვიჯექი იმისთვის, რომ უკანონოდ მოქმედებდა შარაშენიძე და მისი გუნდი და გარდა ამისა, თქვენს თავმჯდომარეობას ვუჭერდი მხარს…
_შენ შენი ამბიციების გვერდით იდექი და არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა არ გაგაჩნია! _ შეეპასუხა კვერღელიძე, _ შენს გარდა, ეს არავის სჯერა.
_ ამის გამო სასამართლოში მოგიწევს სიარული. მე უნდა გითხრა, რატომ ებრძვი შენ ლელა ნაცვალაძეს. მრცხვენია, რომ თქვენს გვერდით ვიდექი…
_ მე გებრძვი? შენ მებრძვი თვითონ, _ კვლავ შეეპასუხა დიმიტრი კვერღელიძე, _ შენ სიზმრებს ნახულობ და რატომ გესიზმრები, არ ვიცი. ვითომ ჩემს გვერდით იდექი! ცოტა ეთიკურად მოიქეცი! შენგან განსხვავებით, რუსულ ძალებთან არ ვიდექი!
_ აი, მაგიტომ ხარ შენ უსირცხვილო ადამიანი. მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას _ რატომ ლაპარაკობს კვერღელიძე უმრავლესობის სახელით? შენ გათვლები გქონდა დავით დარჩიას წინააღმდეგ და გეგონა, მხარს დაგიჭერდი. დათო დარჩიას გადაგდება გინდოდა, მაგრამ თვითონ ვერ ხვდება. ლელა ნაცვალაძე უჩივლებს დიმიტრი კვერღელიძეს სასამართლოში… ფაქტებს დაგიდებ! სწორედ შენ ყვლეფდი ბიუჯეტს, როცა საგადასახადოში მუშაობდი! _ არ ცხრებოდა ნაცვალაძე.
როცა ერთმა დეპუტატმა რაღაცის თქმა დააპირა, ნაცვალაძემ ახლა მას მიმართა: _ დამცველებმა ენა ჩაიგდონ პირში!
ამ დროს ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მჟავანაძე წამოდგა და ითხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჭანიეთის გამგებლის, მერაბ ბერაძის ოჯახის სამი წევრის ხსოვნისთვის, რომლებიც ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და ხვალ, ოთხ ივნისს უნდა დაკრძალონ.
სხდომის დაწყებამდე სწორედ ეს უნდა თქმულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, არ ითქვა./