3 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ბათუმი" ორ კომპანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აჭარის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურა ჭურკვეიძემ, შპს "მეტრო ატლას ჯორჯია"-დან კომპანიის საპატიო პრეზიდენტმა გალიფ ოზთურქიმ, ხოლო შპს "ეიარ მერიდიანსი"-დან კომპანიის დირექტორმა რაულ კაიტამბამ მოაწერეს ხელი.
ბათუმში 50 მლნ დოლარის ღირებულების ორი ახალი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. ახალ ბულვარში შპს "მეტრო ატლას ჯორჯია" და შპს "ეიარ მერიდიანსი" არანაკლებ 220-200-ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ.
ახალ ბულვარში შპს "ეიარ მერიდიანსი" არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220-ნომრიანი სასტუმრო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები განთავსდება. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელში დასრულდება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდება.
შპს "მეტრო ატლას ჯორჯია" კი ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორცილება მიმდინარე წელს დაიწყება. ხელშეკრულების მიხედვით შპს "მეტრო ატლას ჯორჯიას" მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.