2015 წლის 9 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს საქართველოში მაიკლ გრანტს და მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. მაიკლ გრანტმა ამ პოზიციაზე ჯარედ კიმბალი შეცვალა.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც სასამართლოს ანგარიშვალდებულების გაზრდას და მართლმსაჯულების ეფექტურ ფუნქციონირებას უკავშირდება.
ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქმეთა წარმოებისა და საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონულ სისტემებზე, რომელთა წარმატებით განხორციელების შედეგად გაიზრდება სასამართლოს გამჭვირვალობა და შესაბამისად, საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის მნიშვნელობაზე და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია საბჭოს საქმიანობის სტანდარტის ამაღლება, რაც მოემსახურება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესების დროს გამოვლენილი პრობლემების დაძლევას და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას“, _ განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ერთსაათიანი შეხვედრის ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დაწყების, 2016 წლიდან მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, ასევე, ახალი საძიებო სისტემის შექმნის თაობაზე, რომელიც მოსამართლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება მოიძიონ ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტებები.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველმა კმაყოფილება გამოთქვა სასამართლოს მიერ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პროგრამის ფარგლებში აქტიური დახმარება შესთავაზა.