სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. მათ ვისკონსინის შტატში ორკვირიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება მოინახულეს და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებაც გაიზიარეს. ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს.
აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება.
ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სასჯელაღსრულების სისტემისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.
(R)