თბილისში დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევას, როდესაც მამაკაცი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა მოკლა, CNN ეხმაურება.
CNN-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, თბილისში პოლიციელებმა თეთრ ვეფხვს ესროლეს და მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ზოოპარკი ძალიან დაიტბორა, რის გამოც ასეულობით ცხოველმა გაქცევა მოახერხა. ვეფხვის თავდასხმა ქალაქის ცენტრში მდებარე საწყობში მოხდა.
ასევე CNN-ის ცნობით, ზოოპარკში წყალდიდობისგან დაკარგული ცხოველები აღურიცხავია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კაცი რომელიც მოკვდა 43 წლის იყო და საწყობში მუშაობდა. ექიმების თქმით, ის ყელის არეში დაზიანდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ვეფხვმა მეორე ადამიანიც დააზიანა უსაფუძვლოა.
ზოოპარკის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი ვეფხვია დაკარგული. შეუძლებელია იმის დადასტურება ცხოველი მკვდარია თუ ცოცხალი გადარჩა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ის შეცდომაში ზოოპარკის მმართველებმა შეიყვანეს, როდესაც განაცხადა, რომ საშიში ცხოველები ქალაქში აღარ იყვნენ.
ქალაქის მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მოხალისეები კი, ქალაქის დასუფთავებას ისევ განაგრძობენ.
წყალდიდობის შედეგად გაქცეული ცხოველების ნაწილი ზოოპარკმა დაიბრუნა. ნაწილი დაიხრჩო ან პოლიციამ მოკლა.
CNN რუსული მედიის, RT.COM-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისიდან გაქცეული აფრიკული პინგვინი აზერბაიჯანის საზღვარზეა ნაპოვნი.
გავრცელდა ვიდეოც, თუ როგორ დაიჭირეს ნიანგი,ისევე როგორც ჰიპოპოტამი იდგა ადიდებულ წყალში და დაბნეული იყურებოდა.
ერთი შეშინებული დათვი კი ფანჯარაზე იყო აცოცებული.
ვიდეო ასევე აღწერს თუ როგორ დააზიანა წყალდიდობამ გზები, სახლები, ჩანს ასევე დამხრჩვალი ცხოველებიც.
პრობლემა შაბათს შუაღამეს დაიწყო,როდესაც ძლიერი წვიმის გამო მდინარე ვერე ადიდდა.
თბილისის მერიის facebook-ის გვერდზე დევს გადარეცხილი გზებისა და ჩამონგრეული ფერდობის ფოტოები, სადაც ტრანსპორტი სათამაშოებივით გამოიყურება.
მაშველებს ადამიანები მაღალი წყლიდან მხრებით გამოყავდათ.
ღარიბაშვილმა სამშაბათს წყალდიდობისგან დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა.
მან ასევე განაცხადა, რომ ზოოპარკის ადგილას დაკარგულთა საპატივცემულოდ ახალ პარკს გახსნის.
"ეს იქნება სოლიდარობის პარკი, ჩვენი ერთობის სიმბოლო,თავგანწირვის და ურთიერთდახმარების", _ განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადრე განაცხადა, რომ მერია დაეხმარება იმათ, ვინც სტიქიისგან დაზარალდა და უფინანსოდ არის დარჩენილი.
"სიტუაცია არის მძიმე მაგრამ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ფაქტია, მათ ვინც დაიღუპა ვეღარ დავაბრუნებთ", _ თქვა მან.
მსოფლიოს გარეული ცხოველების ფონდის ინფორმაციით, დღეს ბუნებაში სულ მცირე 3 200 ვეფხვი არსებობს.
































































