საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 13 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი დღით ადრე 11 უწყება გააფრთხილა, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამსახური, საქართველოს შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო პოლიცია, მთავრობის აპარატი, პრეზიდენტის დაცვა, სახელმწიფო დაცვის სამსახური, პრემიერ-მინისტრის აპარატი, პრეზიდენტის აპარატი, საჰაერო ძალები და პრეზიდენტის დაცვის სამსახური.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 163-ე ბიულეტენშია აღნიშნული, სადაც წერია, რომ:
"13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი და სეტყვა, ელჭექის დროს ზოგგან ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასევე აღნიშნულია, რომ "მიმდინარე წლის 12-13 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს "დელტა"-სგან შეტყობინება არ მიუღია, რადგან მის ფუნქციას წარმოადგენს კახეთის რეგიონში სეტყვაზე ხელოვნურად ზემოქმედების წარმოება და არა გაფრთხილებების მომზადება შესაძლო ძლიერი ნალექების შესახებ, მითუმეტეს, მის მიერ მიზნობრივად კონტროლირებადი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ".
მიიღეს თუ არა ზემოთ აღნიშნულმა უწყებებმა შეტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და რა რეაგირება მოახდინეს მათ, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" უწყებების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მსგავსი შეტყობინება მათ უწყებაში კვირაში სამჯერ შედის. შესაბამისად, აღნიშნული პროგნოზი 12 ივნისსაც მიიღეს.
"რა თქმა უნდა, მივიღეთ ეს წერილი. თუმცა, აქ არ იყო აღნიშნული, რომ თბილისში იყო მოსალოდნელი ღვარცოფი და წყალმოვარდნები. წერილში ეწერა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი წვიმისა და ქარის გაძლიერება და მოსალოდნელი ღვარცოფები. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ახლაც ვაცნობეთ წერილობით და ტელეფონით, რეგიონებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამხარეო სამმართველოების წამომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით. განსაკუთრებულს რაიმეს აკეთებენ-თქო მაგას ვერ გეტყვით, როგორც 24-საათიან რეჟიმში არიან მობილიზებული ჩვენი სამსახურები, მაშინაც ეგრე მობილიზებულები არიან. უბრალოდ, ვაფრთხილებთ. ყველა სამხარეოს უფროსი იყო გაფრთხილებული. წინა 2 დღის განმავლობაში გორის სოფლები დაიტბორა და განსაკუთრებულ რეჟიმში მოუწიათ მუშაობა", _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაციის გაცემისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა მივმართოთ.
ზემოთ აღნიშნული წერილი მიიღო მთავრობის აპარატმაც, სადაც "გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ აღნიშნული გაფრთხილება მათაც მიიღეს.
"ამინდის პროგნოზს მთავრობის ადმინისტრაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან ყოველდღიურად იღებს. 12 ივნისსაც მივიღეთ ეს წერილი, თუმცა განსაკუთრებული საშიშროების სესახებ მასში ნათქვამი არ ყოფილა. არც კონკრეტულად, თბილისი იყო დასახელებული. შესაბამისად, რაიმე სახის განსაკუთრებული ღონისძიება არ გაგვიტარებია", _ გვითხრეს მთავრობის კანცელარიაში.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს, ადიდებულმა ვერემ დედაქალაქის ცენტრალური უბანი დატბორა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სამი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ათეულობით ოჯახი კი, უსახლკაროდ დარჩა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყანამ 150-მდე მილიონი ლარის ზარალი მიიღო.