თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მოადგილემ ანა დოლიძემ, რომელიც თანამდებობაზე 2015 წლის 15 მაისს დაინიშნა, პირველი დეკლარაცია შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მინისტრის მოადგილემ 20 ივლისს შეავსო, მისი ოჯახი თბილისში ორ ბინას ფლობს. დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალის 31 ნომერში, 80.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ანა დოლიძის 100%-იან საკუთრებაშია.
თბილისში, მ. კოსტავას 42ა ნომერში, 140.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა კი, მის მეუღლეს ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის.
ანა დოლიძე ფლობს ასევე 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას "კია რიო"-ს.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობს, დეკლარაციის შევსების მომენტში ანა დოლიძეს თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5500.00 ლარი ჰქონდა; საქართველოს ბანკის ანაბარზე 40000.00 დოლარი; საზღვარგარეთ, ტდ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2500.00 კანადური დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 11000.00 კანადური დოლარი; მეორე ანგარიშზე კი იგივე თანხა – 11000.00 კანადური დოლარი (1 კანადური დოლარი 1 ლარი და 75 თეთრია);
რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის ანგარიშს, დეკლარაციის შევსებისას, მას თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 500.00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის შემოსავლები, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასე გამოიყურება:
ანა დოლიძემ, რომელსაც პროფესორის ხარისხი აქვს ლექციების კითხვიდან 102500.00 კანადური დოლარის ანაზღაურება მიიღო.
ირაკლი კაკაბაძემ კი, განდის ფონდის თავმჯდომარის პოზიციიდან, ასევე ლექციების კითხვიდან 20 000.00 ლარი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ოთხი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყველა ხელშეკრულება ანა დოლიძის სახელზეა.
კერძოდ, 2013 წლის 13 ოქტომბერს დოლიძემ ავტომანქანის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 16 000 კანადური დოლარია. გასავლის სახით, დეკლარაციაში ამ ხელშეკრულების დადებისას 3300.00 კანადური დოლარია დაფიქსირებული.
ასევე, ანა დოლიძის სახელზეა ბინის ქირავნობისთვის დადებული ორწლიანი ხელშეკრულებაც, რომელიც მან 2013 წლის 15 ივნისს გააფორმა და ვადა 2015 წლის 30 ივლისს ამოეწურა. ხელშეკრულების ღირებულება 19800.00 კანადური დოლარია.
ანა დოლიძეს აქვს ასევე 3500-დოლარიანი კერძო ხელშეკრულება გაფორმებული ნივთების გადაზიდვა–გადაყვანისთვის.
რაც შეეხება ფინანსურ ხელშეკრულებას, დოლიძემ 2013 წლის 1 სექტემბერს 11 000 კანადური დოლარის ასაღებად სასესხო ხელშეკრულება დადო. დეკლარაციაში სესხის დასაფარად 4000.00 ლარის გასავალია დაფიქსირებული.
მინისტრის მოადგილის ხელშეკრულებაში ასევე დაფიქსირებულია შვილის, ანდრია კაკაბაძის მუსიკალური განათლების გადასახადი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 3000.00 კანადური დოლარი იყო.