18 აგვისტოს, ლანჩხუთის “გურიამ“ საქართველოს თასის გათამაშების საწყის ეტაპზე ჩხოროწყუს “სამეგრელოს“ უმასპინძლა და პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე _ შვიდი უპასუხო გოლი იხილა სტუმართა კარში ბოლნისის “სიონთან“ ვერმოგების შემდეგ განაწყენებულმა ლანჩხუთელმა პუბლიკამ და წყენა ცოტა ხნით მაინც დაავიწყა.
მასპინძლებმა ქვედალიგელ მეტოქეს თავიდანვე აჯობეს და გოლიც მალე გაიტანეს. მეცხრე წუთი იყო ვანო წილოსანმა ზუსტი დარტყმით რომ იხეირა. შესვენებამდე კახა გოგიჩაიშვილის გუნდის უპირატესობა კიდევ ერთ გოლში აისახა _ მატჩში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშე ლაშა ჩაფიძემ, ტაიმის ბოლოსკენ გაიტანა. მანვე მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ მოახერხა სტუმართა კარის აღება.
აქედან ერთ წუთში, უკვე წელში გატეხილ მეტოქეს, მცველმა ლუკა ნოზაძემაც მოუნახა სუსტი წერტილი და ესეც არ იკმარა, ბოლო მეშვიდე გოლიც გაიტანა. ამ გოლამდე კი ჯერ ნიკა მაისურაძემ, ხოლო შემდგომ სანდრო ბახიამაც იხეირეს და, საბოლოოდ, ჩხოროწყუში გასამართ განმეორებით შეხვედრას ინტერესი დაუკარგეს.
„გურიამ“ ეს შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გოგუაძე, ქურდაძე, ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი, ლ. მჭედლიშვილი, ე. კილაძე, ა. რეხვიაშვილი, მოსიაშვილი, ჩაფიძე, ვ. წილოსანი, შ. ჯიქია
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ზ. გელაშვილი, ჩადუნელი, ნ. მაისურაძე, ს. ბახია, ზაქრაძე, კობერიძე
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved