საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ "სანამ ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნების "ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს".
ამის შესახებ კახიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა და დასძინა, რომ დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს.
"დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი რომ არ აქვს, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ სისტემაში ჩახედულია – ვგულისხმობ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ციხეების მონიტორინგს ატარებენ. შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დავმალოთ და არავის ხელი არ დავაფაროთ", – აცხადებს კახა კახიშვილი.
მისივე თქმით, უწყების ვერცერთი თანამშრომელი, რომელიც კანონის მოთხოვნებს გადაუხვევს, ხელშეუხებელი ვერ იქნება.
"მე, როგორც მინისტრი, ხელს ვერ და არ დავაფარებ არცერთ ჩემს თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს გადაუხვევს და არცერთ პატიმარს, რომელიც კანონს დაარღვევს. როცა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩავატარე, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი – ყველა ადამიანს, ვინც კარგად მუშაობს, შრომა დაუფასდება, ხოლო ის, ვინც კანონს გადაუხვევს, სულ რომ ჩემი მეგობარი იყოს, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა! სხვათა შორის, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და მე მისი პირველი მოადგილე, პასუხისგებაში მივეცით ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილა! ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ხელს არავის დავაფარებ!" – აცხადებს კახიშვილი.
ცნობისთვის, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილის გათავისუფლებისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" 2015 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა, თუმცა სამინისტროში მაშინ არც ინფორმაცია დაადასტურეს და არც კომენტარი გააკეთეს.