საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" პოზიცია მოახლოებულ არჩევნებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. თუმცა, დღეს ფედერაციაში ოფიციალურად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა ლევან კობიაშვილმა, რომლის პრეზენტაციაზე "გურიის" აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩხაიძე იყო, კლუბის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. როგორც საინფორმაციო გამოშვება "კურიერთან" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, კლუბი არჩევნებში ღიად უჭერს მხარს კობიაშვილს.
"ის არის პროფესიონალი, აქვს გამოცდილება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ფეხბურთში. ჩვენ იმედი გვაქვს ბატონი ლევანის ხელში ყველაფერი კარგად იქნება" -აცხადებს ჩხაიძე.
ეს პოზიცია გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის აქამდე დაფიქსირებული სრულიად განსხვავებული პოზიციები. ცნობილია, რომ კლუბის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე დღემდე არ ადასტურებდა რომელიმე კანდიდატის ღიად მხარდაჭერას.
"იმის თქმა, რომ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ვუჭერ მხარს, არასწორია, რადგან "გურიას" ხმის უფლება არა აქვს. რომ ჰქოდნეს, მხოლოდ საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტდი, ვისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა”, – აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ურუშაძე.
სპორტული დირექტორი ედიშერ ჟორდანია არ მალავდა კიდევ ერთი კანდიდატის, მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერი რომ იყო და ამის დასტური გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გამართული აქცია იყო, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბიც ესწრებოდა. ჩვენი ინფორმაციით ამ აქციის ერთერთი მთავარი ორგანიზატორი სწორედ ედიშერ ჟორდანია იყო და ეს კარგადაც ჩანდა მის აქტიურ ქმედებაში. ლანჩხუთმა მერაბ ჟორდანიას მხარი რომ არ დაუჭიროს, ეს იქნება სირცხვილი, აცხადებდნენ ლანჩხუთელი ფეხბურთის მოყვარულები.
თუმცა, როგორც გაირკვა მათთვის "სირცხვილნაჭამ" კახა ებრალიძეს, არც ლანჩხუთის "გურია" ჩამორჩა, რომელმაც ასევე უგანა მერაბ ჟორდანიას.
"დიახ, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარს ვუჭერთ ლევან კობიაშვილს. გავეცანი მის წინასაარჩევნო პროგრამას და დავრწმუნდი, რომ მას შეუძლია ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანა", – გვითხრა ზაზა ურუშაძემ.