პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება.
"ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გააკეთეს. ასე რომ, არათუ ჩვენს მთავრობას, არამედ არც ერთ მთავრობას არ შეეძლება ამის გადახედვა. ყოველგვარი სპეკულაციები რომ დავამთავროთ ამასთან დაკავშირებით, ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც არსებობს არამარტო ჩვენს, არამედ ყველა კონტინენტზე. ერთია ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", _ განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
შგახსენებთ, რომ გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენის შემდეგ გიორგი კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევრაზიის კონტინენტზე ახალი მოვლენები ვითარდება.
"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.