საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადევით, თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, ეს მისი პრობლემა არ არის.
კვირიკაშვილმა გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არ არის დამატებით საჭირო იმის ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
"მგონია, რომ არავისთვის უინტერესო არ არის ის დადებითი პროცესები, რომელიც დასავლეთის ქვეყნების ირანთან მოლაპარაკებების კუთხით ხდება. მე მგონია, საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა ეკონომიკურად ეს პროცესები", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.