სუფსის ტერიტორიაზე გამავალი ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებზე თანასოფლელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა ალეკო ევგენიძემ, სადაც სუფსის მოსახლეობის სახელით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს მატყუარა უწოდა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე მშიშრად მოიხსენია.
"არ მესმის რაში გამოიხატა ჩემი მშიშრობა. ჩვენი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან ინფრასტრუქტურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. პირიქით, ამ შეხვედრისას მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თავად ბატონი ალეკო იყო დამფრთხალი" – განაცხადა ჩვენთან საუბარში გოგი ხელაძემ.
რაც შეეხება ზაზა ურუშაძეს, რომელსაც ევგენიძემ ტყუილში დასდო ბრალი, ამბობს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში ყველას აქვს უფლება საკუთარი შეხედულება დააფიქსიროს, მათ შორის ევგენიძესაც.
"ეტყობა ეს ევგენიძის შეხედულებაა ჩემზე, მისი ნებაა. მე არაფერი მომიტყუებია, რაც შემეძლო ყველანაირად გვერდში ვედექი ამ ადამიანებს. მითუმეტეს ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემი ამომრჩევლის ინტერეს და ვცდილობ მათ დახმარებას" – გვითხრა ურუშაძემ.