გასულ შაბათს, ქალაქ ოზურგეთში რესტორან "თამარიონში" პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რომელსაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" აქტივისტების და წევრების დასაქმებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ იყო.
– კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველა საკითხზე იყო საუბარი.
– თქვენ რას ფიქრობთ "ქართული ოცნების" წევრების და აქტივისტების დასაქმებასთან დაკავშირებით?
– რა თქმა უნდა, დასაქმება უნდა მოხდეს. ისე მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავასაქმოთ ხალხი.
– ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გაშვება იგეგმება და რამდენად შეესაბამებად ეს ინფორმაცია სიმართლეს?
– მე ერთი რამე მინდა ვთქვა. თუ ადამიანს, არ ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა "ნაცმოძრაობის" დროს, არ ასრულებდა მათ დავალებებს და არ იყო უკანონობაში შემჩნეული, მისი გაშვება არ მიმაჩნია სწორად. ადამიანები, რომელთაც მიუძღვით რაღაც ბრალი და უკანონობა აქვთ ჩადენილი, უნდა წავიდნენ სახლში. ჩვენ არავის სიძულვილი არ გვამოძრავებს. სიძულვით ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ყველაფერს ვაკეთებთ კანონის ფარგლებში – გვითხრა დავით დარჩიამ.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, "ქართული ოცნების" შეხვედრას ესწრებოდა, მაგრამ "გურია ნიუსთან" დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
– ეს იყო დახურული შეხვედრა. ვიცი, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა იმავე დღეს და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. – თქვა გია სალუქვაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის თქმით, საკადრო პოლიტიკის გატარების დროს ობიექტურად იმოქმედებს.
– "ქართული ოცნების", "ნაცმოძრაობის" თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წევრი იქნება ადამიანი თუ საერთოდ არ იქნება პარტიული, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ქალაქის მერისთვის მთავარია ის თავისის საქმის პროფესიონალი იყოს.
– ბატონო ბეგლარ, რეორგანიზაცია მიმდინარეობს ა.(ა).ი.პ. “ ოზურგეთის სერვისცენტრში“. როგორც ამბობენ, აქ აპირებთ "ქართული ოცნები"“ წევრების დასაქმებას?
–კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარია ადამიანი იყოს პროფესიონალი. მეტს ვერაფერს გეტყვით. – გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.