შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამავე სამმართველოს მიერ 2015 წლის 22 აგვისტოდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული რამინ ფ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.
ბრალდებული, რომელიც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ფონიჭალაში "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შეჩერებულიყო, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამსახურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებული მართავდა, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 111 გრამი ჰეროინია.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.