ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებული არჩევნების წინ, ქართულ საფეხბურთო სამყაროში ვითარება უკიდურესად იძაბება. ფედერაციის მოქმედ ჩინოვნიკებს და საფეხბურთო ფუნქციონერებს სულ უფრო და უფრო ხშირად ადანაშაულებენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში – ყველაზე ხშირად, საუბარია ფედერაციის წესდების საპრეზიდენტო კანდიდატის რევაზ არველაძის სასარგებლოდ ინტერპრეტირებაზე.
განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა იქმნება გურიაში, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო ჩინოსნის კახა ებრალიძის მიმართ ისმის ბრალდებები, რომ ის არ ემორჩილება გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წესდებას, რომლის თანახმადაც, დელეგატის წარდგენაზე უფლება მხოლოდ გამგეობას აქვს.
კახა ებრალიძე უკვე არც ღიად ერიდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ხშირად პირდაპირ აცხადებს, რომ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია მხარს რეზი არველაძეს დაუჭერს, ეს ხდება იმ ფონზე, როცა, გურიის რეგიონალური ფედერაციის წევრების მტკიცებით, მას ამის შესაბამისი ლეგიტიმაცია არ აქვს.
გფფ-ს გამგეობის წევრებისთვის ებრალიძის პოზიცია მიუღებელია, პირველ რიგში, ისინი არ ეთანხმებიან არჩევნებზე დელეგატის წარდგენის წესს, ასევე, საკამათოა, რამდენად გადაწყვეტს გამგეობა რევაზ არველაძის კანდიდატურის მხარდაჭერას.
გურიის საფეხბურთო ფედერაციის წევრი, იური ჩხაიძე ამბობს, რომ მათ უფლება ჰქონდათ დელეგატი აერჩიათ:
_ სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ. ყველა მეკითხება რა ხდებაო _ რა ვთქვა, არავინ არაფერი მკითხა თქო?! კახას ჩვენთვისაც უნდა ეკითხა აზრი, _ ამბობს ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას.
ჩხაიძეს ეთანხმება ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ბენო თავბერიძე.
_ ჩვენ გქვონდა უფლება გამოგვეხატა ჩვენი აზრი და ჩვენი ხმა დაგვეფიქსირებინა. აბა რისთვის ვართ ფედერაციის წევრები?! სხვა დროსაც ყოფილა არჩევნები და სხდომაზე მიგვიღია გადაწყვეტილება. რატომრაც ახლა გადაწყვიტა კახამ, რომ აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება, _ აღნიშნავს თავბერიძე.
კითხვაზე, ვის უჭერენ ისინი მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკრეტულად არცერთი გვპასუხობს, თუმცა, თავბერიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ არველაძეს _ არა.
_ როცა არველაძე მოვიდა ფეხბურთის ფედერაციაში მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზე ვიყავით, ახლა 138 ადგილზე ვართ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, _ დასძინა თავბერიძემ.
მისივე თქმით, ებრალიძემ მათთან საუბარი არც კი ისურვა:
_ ებრალიძეს არ უნდა ჩვენთან საუბარი. პირადად გავუგზავნე შეტყობინება, რომ მოსულიყო სხდომაზე, მაგრამ არც კი მიპასუხა, _ ამბობს თავბერიძე, რასაც თავის მხრივ უარყოფს ებრალიძე.
როგორც გურიის რეგიონული ფედერაციის წევრები ამბობენ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ:
_ ჩვენთვის მთავარია ფედერაციაში მოვიდეს კადრი, ვინც ფეხბურთს მიხედავს, _ დასძენენ ისინი.
მიუხედავად გურიის ფეხბურთის ფედერაციაში ლანძღვა-გინებამდე მისული დაძაბულობისა, ებრალიძე პოზიციებს არ თმობს. როგორც გვითხრეს, სწორედ მისი ხისტი პოზიციის გამო გადაიფიქრა არჩევნებში მონაწილეობა მერაბ ჟორდანიამ, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს, რომ გურიის ხმა არველაძეს ეკუთვნოდა.
გფრფ–ს გამგეობის წევრებმა ებრელიძის თვითნებობა ფედერაციის ცენტრალურ ორგანოებში უკვე მეორედ გააპროტესტეს, თუმცა, გურიის ფეხბურთის ფედერაციის წევრების მტკიცებით, ვინაიდან ფედერაციის ფუნქციონერებიც არველაძეს მხარს ღიად უჭერენ, ფედერაციის აღმასკომმა საკითხზე რეაგირება არ მოახდინა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საინტერესოა, რომ გფრფ–ს გამგეობის წევრების პრეტენზიებს "გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცი“–ის წესდებაც ამყარებს. აი, რა წერია საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ დოკუმენტში: „გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (ს/ნ 233645393) წესდების თანახმად, დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო განსაზღვრული არ არის. ფედერაციის წესდების მიხედვით, ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც წესდების 5.15-ე მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რაც არ განეკუთვნება ფედერაციის უმაღლესი ორგანოს – საერთო კრების კომპეტენციას. ხოლო წესდების 5.16-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ გრფფ-ის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ფედერაციის უმაღლესი ან ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
ფეხბურთის ფედერაციის მართვა უზარმაზარი ფინანსების მართვას ნიშნავს, ფაქტი ერთია, ფედერაციის მაღალჩინოსნებს ამ სიკეთეების დათმობა არ სურთ. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ არის გამორიცხული, რომ საქმე გაცდეს კონკრეტული ფედერაციის შიდა სამზარეულოს და სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს, რასაც გფფ-ს წევრები უკვე აანონსებენ.