გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გურია ნიუსის“ სტატიის საფუძველზე კომპანია „შარაგზამშენი პირველი“ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაჯარიმდა.
დეპარტამენტის თანამშრომლები ჩოხატაურს მას შემდეგ სტუმრობდნენ, რაც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია „ერთი კომპანიის სამი ტენდერი _ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მოწმეებს კარგად“. სტატიაში საუბარია შპს „შარაგზამშენი პირველის“ მოგებულ ტენდერებზე, დაზიანებულ გარემოზე და კანონდარღვევით წამოღებულ ლოდებზე.
რამდენიმე დარღვევის ფაქტი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზევე ნახეს. მათი ინფორმაციით, კომპანიას საჯარიმო ოქმი მდინარის და მიწის დაბინძურებისთვის, ასევე მიწის არამიზნობრივად გამოყენებისთვის შეუდგინეს.
განხილვის პროცესშია კიდევ ერთი საქმე _ მშენებლობის დროს მოჭრილი ნაძვი. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ თუკი კომპანია ამ კვირაში არ წარადგენს მტკიცებულებას, რომ ნაძვი მათ არ მოუჭრიათ შესაბამისი ოქმი შედგება.
რაც შეეხება კომპანიის მიერ გზის გაფართოებას, რა დროსაც კლდე იჭრება, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხის გარკვევა მათ კომპეტენციაში არ შედის:
_ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაციები, თუმცა რეაგირებას ვერ მოვახდენთ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას დეპარტამენტის სპეციალისტებმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არსებობს დასკვნა უსაფრთხოა თუ არა კლდის მოჭრა გზის გაფართოების მიზნით, რაც კომპანიას პროექტით არ ევალება, თუმცა, როგორც განმარტავენ, მოსახლეობის თხოვნით აკეთებენ.
ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხს, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს, ფინანსური პოლიცია სწავლობს.
იხილეთ სრულად: ერთი კომპანიის სამი ტენდერი _ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მოწმეებს კარგად