გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ "რუსთავი2-თან" დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ოფიციალური განცხადებით დააფიქსირა. ამ განცხადებამ უმრავლესობის წევრების განსხვავებული პოზიცია გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს იყო არა მთლიანად უმრავლესობის, არამედ მხოლოდ მისი ლიდერის სუბიექტური მოსაზრება და მას აქვს უფლება საკუთარი აზრი ნებისმიერი მოვლენის ირგვლის ამ ფორმით გამოხატოს.
"არ ვიცი, რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა; მე თავად ვესწრებოდი იმ შეკრებას, სადაც ბატონმა ზვიადმა ბრძანა, რომ მას ჰქონდა განცხადება, როგორც უმრავლესობის ლიდერს. ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული, უმრავლესობასთან შეთანხმებული, მაგრამ უმრავლესობის ლიდერი რადგან არის, ამის გამო მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული.
მას აქვს უფლება თავისი პოზიციები გამოხატოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, არ მგონია, გაუგებრობა იყოს. ეს იყო მისი განცხადება და ჩვენ გვითხრა, რომ ასე აპირებდა. რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ უყურებს, არ მგონია, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება იყოს საჭირო იმის გასააზრებლად, რომ დიახ, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავეს სრულიად ისეთი ცალსახა პოზიციები. მე არ მინდა დეტალებში ჩასვლა, მე მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ როგორმე ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია, არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით. მე ვხედავ ორივე ნიშნებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში"- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებასათან დაკავშირებით.
































































