საგარეჯოში, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის განცხადებით, არც ერთ მის მხარდამჭერს იარაღი არ აქვს. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დასაცავად პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს.
ინაშვილმა ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ პროცესში ჩართულია კახეთის სატყეო დეპარტამენტიც, რომლის თანამშრომლებიც თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერის, თორნიკე გასვიანის გინებას თამარ ხიდაშელის მისამართით, ინაშვილმა აღნიშნა, რომ გინება დიდი პრობლემა არ არის.
"მეც მაგინებენ სხვადასვხა უბნებზე, ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიდის. გინება არ არის დიდი პრობლემა, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა. რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ", _ განაცხადა ინაშვილმა.