ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია გზები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, ხიდები.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააზიანა:
8 მრავალბინიანი სახლის სახურავი და გვერდითი ფასადი, სახურავი _ 3050 კვ.მ, ფასადი _ 6037 კვ.მ; 9 მოსახლის სახლის სახურავი; 1 სავაჭრო ობიექტის სახურავი და 1 კომერციული ფართის სახურავი; საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულთა თავშესაფარის სახურავი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა: 69 მოსახლის სახურავი – 9485 კვ.მ; 4 მრავალბინიანი სახლის სახურავი _ 1023 კვ.მ; 5 მრავალბინიანი სახლისთვის მიწოდებულია სახურავი, ესაჭიროება ხის მასალა და გადახურვა; ადმინისტრაციული შენობის სახურავი _ 140 კვ.მ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღსადგენია 8 ხიდი; აღსადგენი და მოსაწყობია 7 მილხიდი; 15 მოსახლის სახლის სახურავი; საერთო საცხოვრებლის, სავაჭრო ცენტრის სახურავები; დაინგრა 1 სახლი; დაზიანდა ადმინისტრაციული შენობისა და სოფლის კლუბის სახურავი 3 სოფელში; დაზიანებულია გზები;
მეწყერი ჩამოწვა 4 ადგილზე; დაიტბორა დაბის 2 ქუჩა, სოფლებში საყანე ფართობები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში სოციალურად დაუცველი სულიკო ჭელიძის ოჯახი კი ქარიშხალმა უსახლკაროდ დატოვა. ჭელიძეები სტიქიის დროს სახლში იმყოფებიდნენ. ნგრევის შედეგად ოჯახის დიასახლისი დაშავდა, რომელიც "მედალფას" ჩოხატაურის ფილიაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
სოფელ ხიდისთავში ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა საავტომობილო ხიდს ბოძი გამოაცალა.
ამ დროისთვის, ხიდზე გავლა, როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის აკრძალულია.
გასულ პარასკევს ხიდისთავში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამართველოს უფროსი ვასილ კაპანაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ხიდის აღდგენა წყლის დონის დაწევის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიწყება.
კაპანაძემ და ფანჩულიძემ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიც მოინახულეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღსადგენია და მოსაწყობია 12 მილხიდი; 3 ხიდი; მოსაწყობია 500 გრძ. მ. გაბიონი; 15 მ. ჯებირი; 8 არხი გასაწმენდია; სოფლებში დაზიანდებულია გზები; 8 მოსახლეს გაუზიანდა სახლის სახურავი; 34 ოჯახი დაიტბორა; მეწყერი ჩამოწვა 6 ადგილზე; დაზიანდა 3 საბავშვო ბაღის სახურავი; დატბორილია და წაღებულია საკარმიდამო ნაკვეთები; სოფელ ნინოშვილში დაზიანებულია, დატბორილია და წაღებულია შიდა გზები, 8 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. შედეგების აღმოსაფხვრელად გუბერნიაში და მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალის ოდენობას სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის, რადგან გურიაში სტიქია 14 ნოემბერს განმეორდა. ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზემო სურებში, სადაც, როგორც გვითხრეს დაზიანებულია შიდა გზები, ამბულატორია და ათეულობით საცხოვრებელი სახლი.