უსწორმასწორო, მიტეხილი, ლპობაშეპარული, ხავსიან-მღიერებიანი ტოტებისგან მცენარის გათავისუფლება წელიწადის ნებისმიერ დროს დასაშვებია, თუმცა, უმჯობესია ეს მოხდეს როგორც ადრე გაზაფხულზე, ისე, შემოდგომის მიწურულს.
გასხვლა სხვადასხვა ასაკის ხეხილოვანს სხვადასხვანაირად სჭირდება. ახალგაზრდა ხეს ნაკლები გასხვლა უნდა, თუმცა, თვალი უნდა ვადევნოთ, როგორ იზრდება ის. ზედმეტად გახლართული ან გადაღრეცილი რტო სასურველი ფორმით უნდა შევკვეცოთ ისე, რომ სწორი მიმართულება მივცეთ. ასეთი ხელშეწყობით საბოლოოდ ხე ლამაზი ვარჯით ჩამოყალიბდება.
შემოდგომის მიწურულს ასევე აუცილებელია ხეხილოვანთა გასუფთავება დაზიანებული თუ სხვადასხვა ზედმეტად დახლართული ტოტებისგან. განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება, რომ ტოტების ერთმანეთში გადახლართული არ იყოს. საერთოდ, ცუდია, როცა მცენარეები ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ტოტები ერთმანეთში იხლართება. ასეთი ტოტები რაც შეიძლება, უნდა დავამოკლოთ.
დარგვის დროს ყველა მოყვარულმა მებაღემ უნდა გაითვალისწინოს ხეებს შორის მანძილის სიგრძე. აუცილებელია, ხეხილოვან მცენარეს მზე და ჰაერი თანაბრად უვლიდეს ირგვლივ და არა ერთი მიმართულებით.
ხეხილოვანთა ნაირსახეობას თავისებური მიდგომა სჭირდება_ მაგალითად, განსხვავებულია ატმის გასხვლა. კომშს, ვაშლს, მსხალს, ტყემალს უფრო გამოხშირული გასხვლა სჭირდება.
ამასთანავე სულ უნდა გავითვალისწინოთ მცენარის ბიოლოგიური თვისებები: ჯიში, სახეობა, ასაკი და გვახსოვდეს იმ რეგიონის კლიმატური პირობები, სადაც ვცხოვრობთ და მეურნეობას ვეწევით.