2006 წელს ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე 68 კმ გზა დაიგო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს, მხოლოდ 3 წელიწადში, დაიგო 96 კმ გზა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლებში გაიხსნა 24 საზოგადოებრივი ცენტრი. მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი სახის სახელმწიფო და კერძო მომსახურება. გაიხსნა ფოთის, ზუგდიდის, სტეფანწმინდისა და თიანეთის იუსტიციის სახლები. მიმდინარეობს კიდევ 3 იუსტიციის სახლის მშენებლობა. ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარება მხარდაჭერილი უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურით. ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზებისა და ხიდების, საწარმოების, სკოლებისა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მშენებლობა. 2006 წელს ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის განმავლობაში სულ დაიგო 68 კმ გზა. ჩვენი ხელისუფლების დროს კი, მხოლოდ სამ წელში, დაიგო 96 კმ გზა. აღვადგინეთ 800-ზე მეტი კილომეტრი გზა. უკვე აშენდა 67 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 ხიდს, ჩქაროსნულ მონაკვეთზე დღეის მდგომარეობით, შენდება 55 ხიდი", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიან მუშაობას აჯამებს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.
































































