საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ციხეებში რევოლუციური ცვლილებები განახორციელა.
"ციხე აღარ არის ადამიანების ღირსების გათელვის დაწესებულება. ჩვენ დავამკვიდრეთ წესრიგი ციხეებში, მაგრამ იქ არის ადამიანური დამოკიდებულება. ჩვენი მთავარი პრინციპი არის სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელიც უნდა შეასრულოს და დაიცვას სამართლიანმა ხელისუფლებამ. დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, გავაუმჯობესეთ მათი პირობები, ავამოქმედეთ სრულიად ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, დავნერგეთ არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის ახალი ფორმა – შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. ასევე, ვახორციელებთ c ჰეპატიტის პროგრამას მსჯავრდებულებისთვის. 500 მსჯავრდებულიდან 90% მთლიანად განიკურნა", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.
































































