დღევანდელი მთავრობისთვის პოლიცია აღარ არის ოპონენტების დევნის მთავარი იარაღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი მუშაობის წარდგენისას განაცხადა.
"იგი საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების გარანტია მთლიანად ხალხისთვის და არა პროვილეგირებული ჯგუფებისთვის. რა თქმა უნდა, ეს სისტემა მთლიანად ეფუძნება თითოეული პოლიციელის თავდადებას. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ხშირად მესმის დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდება პოლიციელების მისამართით. მინდა დავიჯერო, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, თუ რა მძიმე შრომას ეწევიან პოლიციელები – უძილო ღამეები, 24-საათიანი მუხლჩაუხრელი მუშაობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის სამსახურში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს სათანადოდ მოვეპყრათ და მადლობა ვუთხრათ. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ. ამიტომ, მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო გმირობისთვის და თავდადებისთვის", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიან მუშაობას აჯამებს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.

































































