ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში წლის ბოლოს პრემიერა მცირე დარბაზში შედგა. ამჟამად თეატრის მოყვარულებს ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული გურამ დოჩანაშვილის "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" შესთავაზეს.
სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ რეჟისორ ოთარ კუტალაძესთან ერთად დადგა. ინსცენირებაზე ზურაბ კანდელაკმა იმუშავა, სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება გოგა მახარაძეს ეკუთვნის.
ვასიკო კეჟერაძის როლზე მოწვეული იყო ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ზურაბ ცინცქილაძე, ამავე როლზე მუშაობს ოზურგეთის თეატრის მსახიობი ზვიად ჯორბენაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი დოლიძე, ირაკლი ვადაჭკორია, ვახტანგ ჩხარტიშვილი.
სპექტაკლი განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით. სპექტაკლები გაიმართება არა მარტო თეატრის სცენაზე, არამედ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
ოზურგეთის თეატრის პრესსამსახურის უფროსის ლია კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს კვლავ გაიმართება სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება. დღეს კი, ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოში პირველი კარცერ ლუქსის გახსნაზე ითამაშებენ ოზურგეთელი მსახიობები.