ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
როგორც ირკვევა, გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე სამუშაოებს (200 მეტრზე სანაპიროს გასწვრივ, ხოლო ზღვის სიღრმეში 50 მეტრზე) ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია შპს "არილი" ახორციელებს. სამუშაოების მწარმოებელთა ინფორმაციით, სანაპირო ზოლის მოხრეშვა წყლის ნაკადის შესაჩერებლადაა აუცილებელი, რაც უპირველესად ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა გათვალისწინებული, ვინაიდან ძლიერი შტორმისას წყალი დასახლებულ პუნქტამდე აღწევს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან მუნიციპალიტეტის გამგეობას შეხება არ გააჩნია და ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის კვალდაკვალ ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე იმყოფებოდნენ. გამგეობის განცხადებით, ანალოგიური პრობლემა რამდენიმე წლის წინ სასტუმრო "ანდამატის" მიმდებარე ტერიტორიაზეც წარმოიშვა და მსგავსი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შემდეგ ზღვისპირა ზოლი გადარჩა.
მაშინ ნაპირსამაგრი სამუშაოები კომპანია "ბი პი"-ის ინიციატივით ჩატარდა და სწორედ ანალოგიური მეთოდით ხორციელდება გრიგოლეთშიც სამუშაოები.
საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით კი სანაპირო ზოლის ქვა-ღორღით მოხრეშვით ნადგურდება უნიკალური მაგნიტური სანაპირო, რითაც განთქმულია გრიგოლეთი.
"გრიგოლეთი იმით არის უნიკალური, რომ აქ მაგნიტური ველი შექმნილია ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე. დღეს ეს უნიკალური ქვიშა საფრთხის ქვეშ დადგა. გაქრობა ემუქრება საზღვაო, სანაპირო ზოლს. რატომ? კაბინეტებიდან შექმნილი პროექტიდან გამომდინარე გაიცა ბრძანება, რომ ქვა-ღორღით გაემაგრებინა ზღვის ნაპირი. ღორღით დაეფარათ უნიკალური ქვიშა. ამით დაიცავდნენ ნაპირს თუ სოფელს ზღვის შტორმისაგან ? სად გაგონილა ქვა-ღორღს შეეჩერებინოს აღელვებული ზღვა. ნუთუ ნაპირსამაგრი სამუშაოები მხოლოდ ქვიშის დაყრას გულისხმობს? გაბრაზდება, აღელდება ზღვა და ერთ საღამოს გაატანს ტალღას ამდენ ნაგავს.
ბუნება უხეშად და უსამართლოდ ჩარევას არავის აპატიებს. ზღვა არ შემოჭრილა ჩვენთან, ჩვენ შევიჭერით მის ცხოვრებაში, მის კალაპოტში, ვართმევთ უნიკალურობას, ინდივიდუალურობას, მკურნალ ძალას და ის ამას არ გვაპატიებს", -ასე ეხმიანება გრიგოლეთში მიმდინარე სამუშაოებს საკუთარ ფეისგვერდზე პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციასაც გამოხატავს, რომლებიც დაუშვებლად მიიჩნევენ მსგავს ჩარევებს.
ოპონენტთა მხრიდან გამოთქმული ეჭვების გასაქარწყლებლად საავტომობილო გზების ნაპირდაცვითი დეპარტამენტის განცხადებით, რომელიც გამგეობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, გრიგოლეთში სამუშაოები მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის გამოყენებით ხორციელდება.
"მსგავსი სახის სამუშაოები ჩატარდა იტალიაში, ბულგარეთში, რუსეთში და ახლა ტარდება საქართველოშიც. ზამთრის პერიოდში შტორმის დროს სანაპიროზე დაყრილი სპეციალური მასა ზღვაში იძირება, რაც მყარ საფუძველს ქმნის. გაზაფხულზე აღნიშნული ტერიტორია ქვიშით დაიფარება. ამაზე თავად ზღვა იზრუნებს. სანაპიროზე სტაბილური მდგომარეობა შეიქმნება და საფრთხე აღარ იარსებებს. ადგილზე მისვლისას ჩვენ დაგვხვდა ბეტონის კედელი, რომლის გაკეთება ლაბილური ნიადაგის გამო მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია" , ნათქვამია განცხადებაში.
საავტომობილო გზების ნაპირდაცვითი დეპარტამენტის განცხადებითვე ირკვევა, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა.
გრიგოლეთში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ამ დღეებში მონიტორინგის განხორციელებას გეგმავს შავი ზღვის საერთაშორისო კომისიის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის მრჩეველთა საბჭოს წევრი ამირან გიგინეიშვილი.
"ჩემთვის შავი ზღვის გურიის სანაპირო ზონის მაგნიტური ქვიშა თავისი სამკურნალო თვისებებით არამარტო გურიის სანაპიროს სავიზიტო ბარათია, არამედ ათასწლეულების მანძილზე შექმნილი ღვთით ბოძებული სიმდიდრე. ვერანაირი ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება გრიგოლეთში მაგნიტური ქვიშის მოსპობითა და სადღაციდან მოტანილი ღორღის დაყრით გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეაჩერებს ზღვის შემოტევას, არადა უნიკალური სანაპირო ზონა დაიღუპება. მე აუცილებლად დავიწყებ ამ პროექტის შესწავლას, არ შეიძლება ათასწლეულების მანძილზე შექმნილი სიმდიდრის ერთ წელიწადში განადგურება, მითუმეტეს იმათ მიერ, ვინაც უნდა იცავდეს ბუნებას", -ამბობს გიგინეიშვილი.





































































