ქუთაისის, ნოდარ გაბუნიას სახელობის N4 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ, 10 წლის ზურა გერაძემ, რომელიც პედაგოგ გრიგოლ ჩხიკვაძის კლასში ირიცხება ( საორკესტრო განყოფილება, ფლეიტა), ახლახან მოცარტის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, პირველი პრემია დაიმსახურა და მაისში გერმანიაში გაემგზავრება, სადაც სწორედ ამ გამარჯვების გამო მიიწვიეს.
ნორჩმა ვუნდერკინდმა ზურა გერაძემ, დღემდე თავისი ასაკისთვის უჩვეულო, არაერთი გამარჯვება იზეიმა _ დღემდე ის არის კლასიკური მუსიკის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პირველი ეროვნული კონკურსის "გზა ხელოვნებისკენ" პრიზიორი, ხელოვნების აკადემიის "ფესტივალი 2015"-ის დიპლომანტი, მეხუთე საერთაშორისო კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი, მ.ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა პირველი ეროვნული კონკურსის ლაურეატი… მოცარტის საერთშორისო კონკურსში გამარჯვება აღნიშნულ გამარჯვებათა დაგვირგვინებაა.
ახლა ზურა გერაძე ემზადება რომ გაზაფხულზე ღირსეულად წარდგეს კლასიკური მუსიკის ქვეყანაში გამართულ კონკურსზე და მხოლოდ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს -ასეთია მისი განწყობა.
გამარჯვებას ვუსურვებთ ნორჩ მუსიკოსს. იმედია, ის გერმანიაშიც ასახელებს თავის ქვეყანას.