წუხელ ღამით თბილისში, კუკიის დასახლებაში 31 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს თბილისში, კუკიის დასახლებაში, ყოფილ მეუღლეს – 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.