" თავისუფალმა დემოკრატებმა" შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა სახელმწიფოს მიერ დასაბეგრ შემოსავალს გამოაკლდება.
"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებში თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდის. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ლარის გაუფასურების და ინფლაციის შედეგად. ეს პროექტი ამ ტვირთის შემსუბუქებას გულისხმობს", – ნათქვამია განცხადებაში.
"იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს. აღნიშნული ინიციატივის შედეგად მოქალაქეებს გადასახდელი პროცენტის 20% დაეზოგებათ. ეს თანხა ჩვენ მოქალაქეებს დარჩებათ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დათვლისას, დასაბეგრი შემოსავალი შემცირდება გადასახდელი პროცენტის თანხით. ანუ, თქვენი შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც ბანკში იხდით, სახელმწიფოს მხრიდან არ დაიბეგრება.
მაგალითად, მოქალაქის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 600 ლარს (გადასახადების ჩათვლით), ანუ ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასია 480 ლარი (600 ლარს – 20% საშემოსავლო). დავუშვათ მოქალაქე მოცემულ თვეში იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე, პროცენტის სახით 200 ლარს იხდის. ჩვენი პროგრამის მიხედვით, აღნიშნული 200 ლარი გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს (600 ლარს) და საშემოსავლო დაითვლება 400 ლარიდან (600-200). ანუ გადასახდელი საშემოსავლო იქნება 80 ლარი (400*20%) 120 ლარის მაგივრად. შესაბამისად, მოქალაქის მიერ ხელზე ასაღები თანხა იქნება 520 ლარი. მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადი ჯამში, დაახლოებით, 100- 50 მილიონით შეუმცირდება", – ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.