ლანჩხუთის ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ სპორტულ ცენტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ვატო კუკულაძის დანიშვნა პარტიული ნიშნით მოხდა. მათივე თქმით, სწორედ პარტიული შეხედულებების გამო გაათავისუფლეს თანამდებობებიდან ამავე ცენტრის ორი მოადგილე კახა გუჯაბიძე და ალეკო წილოსანი.
სწორედ ამ საკითხზე მიმართეს კითხვებით ფრაქცია "ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრებმა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელს მინდია დვალიშვილს, რომელიც ფრაქციის სხდომაზე ჰყავდათ მიწვეული.
"თქვენ 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ცენტრისთვის 100 ათას ლარიან დაფინანსებას ითხოვდით, თუმცა 50 ათასი ლარი დაგიმტკიცდათ და გამგეობის საფინანსო სამსახურიდან მოგივიდათ წერილი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ გამგებლის მითითების საფუძველზე კორექტირება შეგეტანათ ბიუჯეტში, რომ დაფინანსება მიზნობრივი ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებოდათ გარკვეული პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს 2016 წელს ვის და რას შეეხო თქვენთან შემცირება?"– კითხვით მიმართეს სპორტული ცენტრის დირექტორს ფრაქციის წევრებმა.
როგორც დვალიშვილის პასუხიდან გაირკვა, თანხების დაზოგვის მიზნით ზემოთხსენებულ ორ მოადგილეს მოუხდა თანამდებობის დათმობა, ასევე "ქამრების შემოჭერა" აისახა ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბავშვთა მივლინებაზეც.
"ჩვენ გვინდოდა სოფელ გვიმბალაურში საჭიდაო დარბაზის მოწყობა, თუმცა რადგან ახალი სპორტული ცენტრი კეთდება, თავი შევიკავეთ. მყავდა სამი მოადგილე და დარჩა ერთი, არსებული ბიუჯეტი არ იძლეოდა მეტის საშუალებას. ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის დაპირება, რომ დაფინანსება გაგვეზრდება", – განმარტა დვალიშვილმა.
ფრაქციის წევრებმა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელს კითხვაც დაუსვეს, ბოლო პეროდში მიიღო თუ არა ვინმე პარტიული ნიშნით სამსახურში.
" ხუთი დღეა, რაც მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ახალი კადრი დაინიშნა, რომლის სახელფასო სარგო დარიცხვით 650 ლარს შეადგენს", – განმარტა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა, რაც თავის მხრივ, "ევროატლანტიკოსებმა" საკუთარი არგუმენტის დასტურად მიიღეს.
"თუ მოადგილის თანამდებობა თანხის ეკონომიის მიზნით შეიკვეცა, მთავარი სპეციალისტის შტატი როგორღა დაამატეთ? სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც მივუთითებდით პარტიულ შეხედულებებზე. ჭორის დონეზე ისიც გავიგეთ, რომ დვალიშვილმა თანამშრომლებისთვის კუკულაძის წარდგენისას სწორედ პარტიულ კუთვნილებაზე გააკეთა აქცენტი".-ამბობენ ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები.
რაც შეეხება ვატო კუკულაძეს, მისი მეუღლე სოფიო ჩხაიძე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრია, რომელიც გამგეობაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯერ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ ამავე კუთხით განყოფილების გამგე იყო, დაახლოებით ათი თვის წინ კი გამგებლის მრჩევლის ერთ-ერთი პოსტი უკავია. ცნობისთვის, სოფიო ჩხაიძეს სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსადაც მოიაზრებენ, რასაც თავად ჟურნალისტებთან საუბარში არ ადასტურებს.