დღეს, ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" ყრილობაზე, გურიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, ასევე ა.(ა) ი.პ. დასაქმებული თანამშრომლების თითქმის სრული შემადგენლობაა მობილიზებული. ყრილობაზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგნელები სოფლებში, გამგებლისა და მერის მოადგილეები, ასევე გუბერნატორის მოადგილეებიც.
პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ბოლო თვეებია აქტიურად განაგრძობს მუშაობას პარტიის გაძლიერებაზე და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაზე.
ამ წუთებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენციას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ხსნიან.
კონფერენციაზე აირჩევენ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს.
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ დავით დარჩია გახდება. ის თავისთავად დაიკავებს ბიუროს ხელმძღვანელის პოსტსაც.
დარჩია ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ამავე დროს, წლების განმავლობაში პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბიუროს ხუთკაციანი შემადგენლობის წევრების ვინაობა უკვე გარკვეულია, ესენი არიან:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, სოფელ შრომის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე, ქალაქ ოზურგეთიდან კი ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და მერის, ბეგლარ სიორიძის მოადგილე კობა დუნდუა იქნებიან.
აღნიშული ინფორმაცია, ჩვენთან საუბრის დროს, დავით დარჩიამ დაადასტურა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელ მდივნად ეკატერინე აბაშმაძე დაინიშნება.