ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობა უგზოობას უჩივის და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის აღმოსაფხვრელად დროულ რეაგირებას სთხოვს.
"მაჩხვარეთი ქალაქზე მიბმული სოფელია, მაგრამ აქაურობას ამის არაფერი ეტყობა _ ამ გზის შემხედვარე ტყეში უფრო გეგონება თავი, ვიდრე სოფელში. წესიერი ადგილი აღარაა დარჩენილი, იმდენი ორმოა, რომ გზაზე არ გაივლება. წვიმაში და დარშიც ერთნაირად ცუდ დღეში ვართ, ძლივს ვპოულობთ ასავლელ ადგილს. თუ სადმე მივდივართ და გზაზე მანქანამ თუ გამოიარა, მაშინ უნდა ნახო ჩვენი ამბავი _ ვის ეზოშიც მოგვეხელთება იქ ჩავრბივართ. აქაურს ადამიანს ცოტა თავმოყვარეობა თუ მაინც გაქვს და სამსახურში ან სადმე ხალხში გამოსაჩენ ადგილას მიდიხარ, თან ორი წყვილი ფეხსაცმელი უნდა გქონდეს, ვინმეს ტყიდან გამოვარდნილი რომ არ ეგონო. წვიმაში ხომ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ _ ტალახითა და გუბეებით ივსება ქუჩა, მაგრამ კარგი დღე არც ზაფხულობით გვადგას, მტვრით ივსება ყველაფერი, სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდება.
თუ სადმე შემოგაღამდა, უნდა ილოცო, რომ სახლში მშვიდობით მიხვიდე და სადმე კისერი არ მოიტეხო. ტაქსიც კი არ ამოდის ჩვენთან ნორმალურად _ ეზარებათ მძღოლებს ამ გზის გავლა _ არ გვიღირსო. დროა, მოგვხედოს ვინმემ, მოახლოებულ არჩევნებზე ხომ მაინც დასჭირდებათ ჩვენი ხმა?!", _ ამბობენ მაჩხვარეთლები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მაჩხვარეთში გამგებლის წარმომადგენელს, გაგა იმნაიშვილს დავუკავშირდით:
"ძალიან მალე იგეგმება სოფელში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება. რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება და დაიწყება სამუშაოები. სამების ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა, გეგმაშია გზის მოხრეშვაც. წმინდა გიორგის ქუჩაზე კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ამოივსება ორმოები. ისე, ძალიან მაინტერესებს, ვინ გამოთქვა საყვედური მაჩხვარეთის გზასთან დაკავშირებით _ ჩემთან ერთხელაც არავინ მოსულა პრეტენზიით", _ აღნიშნა იმნაიშვილმა.