ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელსაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ "საუკუნის პროექტი" უწოდა, ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადებები საკრებულოს ბოლო სხდომაზე სოფლის მაჟორიტარმა ალექსანდრე სარიშვილმა და ამავე სოფლის მკვიდრმა, დეპუტატმა ნონა მურვანიძემ გააკეთეს.
როგორც ითქვა, გზის ის მონაკვეთი, სადაც ასფალტის საფარი რამდენიმე თვის წინ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ დაიგო, უკვე დაზიანებულია. ჩოჩხათში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა, შპს "სამკუთხედი" ახორციელებს, რომელმაც ოთხი მილიონ 436 ლარად შეფასებული პროექტი სამ მილიონ ლარად მოიგო. პროექტი გარდამავალია და სამ წელზეა გათვლილი, პირველი ეტაპის სამუშაოები გასულ წელს შესრულდა და ერთი მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, წელს კი ერთი მილიონის გახარჯვა იგეგმება.
ცნობისთვის, წინა წლებში სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების მოთხოვნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. მაშინ აქციის მონაწილეები, ჩოჩხათის მკვიდრის, ყოფილი პარლამენტარის, ომარ ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ითხოვდნენ პასუხი მიეღოთ კითხვაზე, თუ როდის დაიწყებოდა გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები. ბოლოს ასეთი აქცია გასული წლის 20 მაისს გაიმართა. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე იმყოფებოდა. გამგებელმა პირობა დადო და დააანონსა, რომ სამუშაოების დაწყება ზაფხულიდან იგეგმებოდა.
მართლაც, სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყების საკმაო ხალხმრავალი პრეზენტაცია გასული წლის 31 ივლისს მოეწყო, სადაც ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს იყო "საუკუნის პროექტი და პროექტის შესაბამისად, ჩოჩხათში მშენებარე გზა მაღალი დონის იქნებოდა _ ჯებირებით, ხიდებით, ბორდიურებითა და სარკეებით".
თუმცა, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე საუბრობს. როგორც ირკვევა, მათ წერილობითი მიმართვები უკვე გაგზავნილი აქვთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ითხოვენ მდგომარეობის ადგილზე შესწავლას.
ომარ ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ საკითხში გარკვევამდე, მოსახლეობის ძალისხმევით, ობიექტზე სამუშაოები საერთოდ შეჩერდეს:
"შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ასფალტი დაგებულია ზერელედ და უხარისხოდ. ცალკეულ ადგილებზე ჩანს დიდი ზომის ნაპრალები და სულ რაღაც სამი თვის წინ დაგებულ გზაზე მალე ისეთი ორმოები გაჩნდება, როგორიც ადრე იყო.
წერილობით მივმართეთ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ასევე, რაიონის გამგებელს. ვითხოვთ, დროულად გამოგზავნონ სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეაფასებენ მდგომარეობას, რომ არ გაგრძელდეს უხარისხო სამუშაოები. ვფიქრობთ, სპეციალისტების ჩამოსვლამდე საერთოდ შევაჩეროთ ასფალტის დაგების სამუშაოები", _ ამბობს ომარ ხუციშვილი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს სხდომაზევე გააკეთა:
"ეს გზა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, მისი ჩაბარებაც არ მომხდარა. ნუ ნერვიულობთ, პრობლემურ გზას ჩვენ არ ჩავიბარებთ. თან ყველაფერ ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება. შესრულებულ სამუშაოს მხოლოდ მაშინ ჩავიბარებთ, როცა დადებითი დასკვნა გვექნება", _ აღნიშნა ურუშაძემ.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და სამუშაოების დასრულებამდე რაიმეს თქმა ნაადრევად მიაჩნია:
"ჯერ სამუშაოები სრულად დასრულებული არც იმ მონაკვეთზეა, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს და წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. თუ სამუშაო უხარისხოდ იქნება შესრულებული, ობიექტს არავინ არ ჩაიბარებს. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს", _ გვითხრა ჩხაიძემ.