დღეს ოფიციალურად სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა ქალთა ფეხბურთში და ამ მნიშვნელოვანი ფაქტის ერთერთი გამზიარებელი ლანჩხუთიც აღმოჩნდა. საქართველოში ფეხბურთის პოპულარობაზე საუბარი ზედმეტი იქნება, მაგრამ სუსტი სქესის საფეხბურთო ამბების შეჩვევა ჯერ კიდევ გვიჭირს. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება რეგულარული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. მერე რა რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 6 გუნდი ჩაებმება ამ გათამაშებაში, მთავარი ხომ დასაწყისია და თავის დროზე დასახვეწიც დაიხვეწება.
ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მინდორზე საკმაოდ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. დაახლოებით 200 ადამიანი დაინტერესდა ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრით და დიდი სიამოვნებაც მიიღო. ლანჩხუთელმა გოგონებმა ლაგოდეხის გუნდს საკმაოდ დამაჯერებლად აჯობეს და რაც მთავარია თამაშის ხარისხიც გოგონების კვალობაზე მისაღები იყო.
თავად ჩემპიონატის გახსნის შეხვედრას ხარვეზები ახლდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველა სიახლეს ახლავს მღელვარება, საორგანიზაციო ლაფსუსები და არც ლანჩხუთი იყო გამონაკლისი. წარმოიდგინეთ, ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიისთვის ორგანიზატორებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა გახმოვანების აპარატურა და უშუალოდ ფეხბურთელმა გოგონებმა სახელდახელოდ შეასრულეს ეროვნული ჰიმნი.
ლანჩხუთელთა გუნდი ძირითადად ადგილობრივი კადრებით იყო წარმოდგენილი და მათ შორის სამი „ლეგიონერიც“ გაისარჯა. აქედან ორი ჩოხატაურელი გოგონა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია, ისევე როგორც ექვსი ლანჩხუთელი გოგონა.
მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა და მაყურებელიც მოხიბლული დარჩა გოგონათა გამართული, კომბინაციური თამაშით. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებს მინი ფეხბურთის გამოცდილება აქამდე ქონდათ, მაგრამ სტანდარტულ მოედანზე ერთად მხოლოდ მატჩის წინა დღეს ივარჯიშეს. აი, ნაკრების წევრებს ასეთი სათამაშო პრაქტიკა რა თქმა უნდა ქონდათ, სანაკრებო შეკრებებზე თუ ოფიციალურ შეხვედრებზე.
მიუხედავად შეუთამაშებლობისა კახა ურუშაძის გაწვრთნილმა გოგონებმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და პირველ ტაიმში უპირატესობა ორ გოლში ასახეს. ჯერ თიკო თავდიშვილმა გახსნა ანგარიში, რომელიც სხვათა შორის აქამდე გუნდის ერთერთ მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ ასე თუ გააგრძელა თავდასხმაში ადგილს არავის დაუთმობს. მეორე გოლი კი კაპიტანმა და ლიდერმა ია ალელიშვილმა შორეული დარტყმით გაიტანა.
შესვენების შემდეგ თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, უბრალოდ გოგონებს დაღლა დაეტყოთ და ბუნებრივიცაა, 90 წუთი მოძრაობა მათთვის ხუმრობა საქმე ნაღდად არაა. ბოლო წუთებში თავი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა და საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების მცველმა ნინო ჩხარტიშვილმაც გამოიჩინა.ის დაცვაში ხომ საიმედოდ გაისარჯა, შეტევაშიც ივარგა და მეტოქეს პენალტი დასტყუა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა.
პირველი მოგება გოგონებმა საკმაოდ ემოციურად გამოხატეს და არც კლუბის მესვეურები დაივიწყეს და სათითაოდ ყველას მადლობა გადაუხადეს. ამ ადამიანებმა დურმიშხან ჩხაიძის თაოსნობით ბევრი იწვალეს და იშრომეს ქალთა ფეხბურთი საერთოდ რომ არ გამქრალიყო ლანჩხუთში და აგერ პირველი შედეგი და სამომავლო პერსპექტივაც სახეზეა.
"ლანჩხუთმა" პირველი ოფიციალური შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ქრისტინე ხუხუნაიშვილი, თინათინ ჯიჯიეშვილი, ია ალელიშვილი, მარიამ კალანდაძე, მარიამ გოგეშვილი, სოფიკო ნარსია, ანა რომანჩუკი, თაკო თავდიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქეთი ურუშაძე, მონიკა შურღაია, ფიქრია მოისწრაფიშვილი, ნათელა წოწერია.