ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე აცხადებს, რომ მან ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ტექნიკური შეცდომა დაუშვა.
საქმე ისაა, რომ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც დარჩიძემ 2016 წლის 18 მაისს შეავსო, მისი წინა წლის შემოსავალი 34 079 ლარი იყო, ხოლო გასულ წელს მის მიერ დახარჯულმა თანხამ საერთო ჯამში 44 545 ლარი შეადგინა.
კერძოდ, მან ააიპ – ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობისთვის 25434.00 ლარი მიიღო; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის პოზიციისთვის 2828.00 ლარი; ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი მეცნიერ-თანამშრომლის პოსტისთვის 2926.52 ლარი, ხოლო ააიპ – "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" დირექტორის თანამდებობისთვის 2891.30 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის მიერ დახარჯულ თანხას, დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ავეჯის შესაძენად 9500.00 ლარი დახარჯა; ბინის რემონტისთვის კი 6000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის 11 000 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო 3857.91 ლარით განვადების თანხა დაფარა.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" თამაზ დარჩიძესთან გუშინვე გადაამოწმა. დარჩიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "სავარაუდოდ შეცდომა დაუშვა, სხვა შემთხვევაში მისი წლიური დანახარჯი შემოსავლის თანხაზე 10 000 ლარით მეტი ვერ იქნებოდა. დაგვპირდა, რომ გადამოწმებულ ინფორმაციას დღეს მოგვაწვდიდა.
დარჩიძე დღეს "გურია ნიუსს" თავად დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ნამდვილად შეცდომა აქვს დაშვებული.
"გადავხედე დეკლარაციას და შევსებისას შეცდომა მაქვს დაშვებული. ქონებრივი დეკლარაციის გასავლების გრაფაში აღნიშნული მაქვს ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი 9500 ლარი, თუმცა, ამ ფასიანი ტექნიკა არ შემიძენია, უნდა მეწეროს 2500 ლარი. ამის შესახებ დღესვე ვაცნობე საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება ახლა არ შეიძლება, თუმცა, ბიუროს ამის შესახებ ინფორმაცია ექნება, რომ ტექნიკური შეცდომა მაქვს დაშვებული", _ აღნიშნა დარჩიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ამავე თემაზე:
როგორ დახარჯა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თავის შემოსავალზე 10 000 ლარით მეტი
"შემოსავალზე მეტს ვერ დავხარჯავდი, ალბათ, შეცდომა დავუშვი" – დარჩიძე

































































