აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. კანდიდატის ასარჩევად 11 ხმა იყო საკმარისი.
ახალარჩეულმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს, რისთვისაც კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარედგინოს ისინი ერთად უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
ზურაბ პატარაძის განცხადებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს. მისივე თქმით, ის აჭარის სამინისტროებში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.
აჭარაში, ოთხი მინისტრიდან, არცერთი არ არის მოქმედი. ისინი 14 ივლისიდან არც მოვალეობის შემსრულებლები არიან, ვინაიდან, პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც პრემიერმაც მოაწერა ხელი, გადაყენებული იქნა აჭარის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა და ჩამოყალიბდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სადაც აჭარის ყოფილი მინისტრების პირველი მოადგილეები შედიან. გამონაკლისია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საიდანაც პირველი მოადგილის ნაცვლად ადმინისტრაციაში სხვა მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე შეიყვანეს.
ზურაბ პატარაძე, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.