საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი დაპირება შეუსრულა. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურობის შესაძლებლობა ეძლევა.
ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა.
"ბუნებრივია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვთ _ ზოგს მშობლები ჰყავს ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს, დავეხმარებოდით.
ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს", _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ: "როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯარში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო", _ აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
(R)