ლანჩხუთის "გურია" თბილისში "ლოკომოტივთან" სათამაშოდ ახალი მწვრთნელის ოლეგ ლეშჩინსკის ხელმძღვანელობით გავიდა და სამწუხაროდ, დასანანი მარცხიც იწვნია. თავდაპირველად ანგარიში გურულმა ფეხბურთელებმა გახსნეს ბრაზილიელი ლეგიონერის დინიზას მეშვეობით, რაშიც ლომის წილი კლუბის დებიუტანტმა, დავით კირკიტაძემ შეიტანა.
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება 22-ე წუთზე შესძლეს, ხოლო 69-ზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს მეტოქის კარში.
მანამდე 11-მეტრიანი გიორგი ჩადუნელმა ვერ გამოიყენა, საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში "გურიამ" მის სასარგებლოდ დანიშნული სამივე პენალტი გააცუდა, რითაც უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
ლოკომოტივი 2:1 გურია
0:1 დინიზი (10)
1:1 გ. დიასამიძე (22)
2:1 ზარანდია (69)
გაძევება: პატერსონი (86)
გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, პატერსონი, ნოზაძე (85. ნ. დიასამიძე), ფილიპე (80. ჭედია), მოროზენკო, კირკიტაძე, სტეფნიაშვილი (41. ჭეჭელაშვილი), დინიზი
ცნობისთვის, ოლეგ ლეშჩინსკის წინამორბედთან თემურ მახარაძესთან "გურიამ" კონტრაქტი სეზონის წინა ტურში ქობულეთის "შუქურასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ შეწყვიტა. როგორც ამბობენ, მახარაძესთან გაფორმებული კონტრაქტის, ერთ-ერთი პუნქტი, წარუმატებლობის შემთხვევაში, კლუბს ასეთ უფლებას ანიჭებდა.
თემურ მახარაძემ "გურია" მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ჩაიბარა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუსი სპეციალიტი ვიქტორ დემიდოვი ჩაანაცვლა, რომელსაც "ზუგდიდთან" 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის ქომაგებმა ობსტრუქცია მოუწყვეს და პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად პოსტიდან გადადგომა მოსთხოვეს.
მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში "ტორპედოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია დაითხოვა "გურიას" სამწვრთნელო შტაბში ლეშჩინსკის მოსვლით უკვე რიგით მერვე ცვლილება განხორციელდა.
მაშინ ლორიას მემკვიდრეობა გია იმნაძემ ჩაიბარა, თუმცა დროებით. ასევე მეტ-ნაკლებად მცირე ხნიანი გამოდგა კახი გოგიჩაიშვილის, ბადრი კვარაცხელიას, გია ჩხაიძის, ვიქტორ დემიდოვისა და თემურ მახარაძის სამწვრთნელო კარიერა ლანჩხუთის "გურიაში".