ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობისათვის მადლობას უხდის.
გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგისგან მადლობის წერილი მიიღო.
„ბატონო პრეზიდენტო!
ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თქვენთან შეხვედრა.
თქვენ და თქვენს მეუღლეს მადლობას გიხდით საბჭოს წევრების თბილი მასპინძლობისთვის.
ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსიისათვის. მე შევნიშნე საქართველოს დიდი ინტერესი მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, ასევე, თქვენი შეშფოთება რუსეთის პროპაგანდის მიმართ და ასევე, ნათელი მოლოდინი, იმისა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უმაღალესი სტანდარტებით ჩატარდება. უფრო მეტიც, ეს ვიზიტი საბჭოსთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, პირველი პირებისაგან მიეღო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის.
ავღანეთში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და საქართველოს ჩართულობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღირსეული კონტრიბუტორია.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს პერსონალურ წვლილს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხში და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის პროცესში.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და საბჭოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მასპინძლობისთვის", _ აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ წერილში.