საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის დამტკიცების გადადების საკითხზე კომენტარს აკეთებს.
როგორც მამუკა ჟღენტი ამბობს, სამწუხაროდ, საქართველო გაწევრიანდა იმ სახელმწიფოების არც თუ ისე სახარბიელო ჯგუფში, რომელსაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კონტექსტში სერიოზული პრობლემები გააჩნია.
"ასამბლეის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე მოხდა ის, რაც ლოგიკური იყო ყველასთვის, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. პირადად მე, ისევე, როგორც მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ საქმეში კარგად გათვითცობიერებულმა ადამიანმა, არაერთხელ და დროულად ვურჩიეთ ხელისუფლებას, თავი შეეკევებინა ავანტიურისგან, რადგან ეს ყველაფერი სერიოზულად აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაციას. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოხერხდა, რომ საქართველო გაწევრიანდა იმ სახელმწიფოების არც თუ ისე სახარბიელო ჯგუფში, რომელსაც სერიოზული პრობლემები გააჩნია სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კონტექსტში. დასანანია, როდესაც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ 21-ე საუკუნეში რთულია პროცესით მანიპულირება და რეალური ვითარების დაფარვა. პროცესის უკუღმართობასა და სერიოზულ ხარვეზებზე ევროპულ სტრუქტურას გააჩნდა ამომწურავი ინფორმაცია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომიტეტს შესაბამისი მიმართვებით მიმართეს მრავალმა არასამთავრობო სტრუქტურამ და პოლიტიკურმა პარტიებმაც. შესაბამისად, კომიტეტის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო რეალურად არსებულ სურათზე", _ განაცხადა ჟღენტმა.
მამუკა ჟღენტის ინფორმაციით, საქართველოს საკითხი კომიტეტის მიერ მომავალი წლის იანვარში განხილვა, არსებულ მოსამართლისთვის ახლის არჩევამდე ვადის გაგრძელებას ნიშნავს.