არც ერთი მანდატი "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ტურში – ეს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის მნიშვნელოვანია, _ ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი კამპანიის – „+1“ საკითხის შეფასებისას განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში მხარდაჭერის მისაღებად ნებისმიერ ხერხს მიმართავს.
"მჯერა, მეორე ტურში ჩვენი მოქალაქეები გააცნობიერებენ, რომ უმნიშვნელოვანესია მათი აქტიურობა და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. ხმა, "ნაცმოძრაობისთვის" მიცემული, ტოლფასია ძალადობისა და უკანონობის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისა და ეს არჩევანი უნდა გავიაზროთ", _ განაცხადა ბესელიამ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ასევე დემაგოგიაა აკაკი ბობოხიძის შეთავაზება საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.
"დემაგოგიაა ბობოხიძის ინიციატივაც, რომ მზადაა მოხსნას მე-2 ტურში კანდიდატურა. რომ არ მოხსნას რა, გაიმარჯვებს? ნუ მოხსნის, დაელოდოს ამომრჩევლის არჩევანს. რომც მოხსნას, მისი გვარი ბიულეტენში მაინც იქნება და ამ სიცრუით ესაუბრებიან ამომრჩეველს. ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის მნიშვნელოვანია _ არც ერთი მანდატი "ნაციონალურ მოძრაობას" მე-2 ტურში. ეს მორალური არჩევანია", _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ამავე თემაზე: დედას გეფიცებით, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარს არ დავუჭერ _ ნარჩემაშვილი