ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 60/52 სოფელ ძიმითის საარჩევნო უბანს "ქართული ოცნების" კანდიდატი, არჩილ თალაკვაძე აკვირდება.
როგორც თალაკვაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა ის "ამ კონკრეტულ უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.
"ამ უბანზე მე ვარ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი. მთელი დღის განმავლობაში, დილის რვა საათიდან ვაკვირდები ძიმითის საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობას", _ აღნიშნა თალაკვაძემ.
კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც ძიმითში აკვირდება კანდიდატი საარჩევნო პროცესს _ თალაკვაძემ გვიპასუხა, რომ ეს, უბრალოდ, ასე მოხდა და რაიმე კონკრეტულს არ უკავშირდება, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ძიმითში "ქართული ოცნების" გამარჯვება ეჭვქვეშ დგას და სწორედ ამან განაპირობა არჩილ თალაკვაძის უბანზე ყოფნა.
ძიმითის საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქ არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საჯარო მოხელეები არ იმყოფებიან. შევნიშნეთ მხოლოდ სოფელ შემოქმედისა და ძიმითის გამგებლის წარმომადგენლები.