შოთა რუსთაველის იუბილესა და მისი დღის დაწესებაზე, საქართველოში, კარგა ხანია, ბევრს საუბრობენ. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა განაცხადა, ეს დღე მომავალი წლიდან 15 მაისი იქნება.
_ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი ინიციატივა გააჟღერა და დაავალა განათლების და კულტურის მინისტრებს, კონკრეტული თარიღი შეერჩიათ უდიდესი მოაზროვნის დღის დასაწესებლად. დღეისთვის, თითქმის, გადაწყვეტილია, რომ ეს დღე იქნება 15 მაისი და მომავალი წლიდან იქნება დაწესებული.
დავით შემოქმედელმა განმარტა, რომ რაკი 14 მაისი მეფე თამარის ხსენების დღეა, 15 მაისი იქნება შოთა რუსთაველის დღე.
მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით, მხოლოდ წელს აღინიშნება შოთა რუსთაველის დღე, დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან ერთად.