ჩვენ, ქალები, დაინტერესებული ვართ ფუტკრის მოშენებით. გვაინტერესებს, რამდენად აუცილებელია სკების შეღებვა და როგორი ფერებია გასათვალისწინებელი?
პატივისცემით, ნანა ლომჯარია, თიკო მამალაძე,ირმა წიტაიშვილი, ნონა რამიშვილი.
ოზურგეთი.
სკების სხვადასხვა ფერზე შეღებვა სასურველია იმიტომ, რომ ფუტკარმა ადვილად მიაგნოს საკუთარ ადგილსამყოფელს. ეს ღვთიური მწერი ყველაზე კარგად არჩევს თეთრ, შავ, ყვითელ და ლურჯ ფერებს. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ფუტკარს ძირითადი ფერების: წითლის, ყვითლის და ლურჯის გარჩევა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ თუ სურვილი გექნებათ, რომ სკები შეღებოთ, აღნიშნული საღებავებით ისარგებლეთ.
განლაგების დროს, ორ ერთნაირ ფერზე შეღებილ სკას შორის, ჩადგით ერთ ან ორ ფერზე შეღებილი სკები. ზოგადად კი, აღნიშნულ ლამაზ ფერებში შეღებილი სკები ესთეტიურად სასიამოვნო სანახავია და მშვიდ, იდილიურ განწყობას ქმნის.
ჯანვერდ ცეცხლაძე, მეფუტკრე