„ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე, მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავება- გათავისუფლების საქმეს ეხმაურება.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი რეპერის დაკავების ფაქტს, რომლებსაც პროკურატურის მოთხოვნით საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი ასევე პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლა.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ გარკვეულ წილად პროკურატურის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა იქონია.
„უნდა ჩატარდეს სერიოზული მოკვლევა, გამოძიება იმიტომ არსებობს რომ უნდა დადგინდეს იყვნენ ეს ახალგაზრდები მანამდეც შემჩნეულნი ნარკოტიკების მოხმარებაში, მართლა მოხდა თუ არა ეს ე.წ. ჩადება თუ არა.
პროკურატურა ქვეყნის შემადგენელი ნაწილია და ცხადია, როდესაც ქვეყნის ხელისუფალი, პირველი პირი, ენერგეტიკის მინისტრი და სხვა და სხვა აკეთებს განცხადებას, ეს მეტნაკლებად გავლენას ახდენს, მოდი ამაზე თვალს ნუ დავხუჭავთ.
ამასთან ერთად საჭიროა მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა ჰქონდა თ არა ე.წ. ჩადებას ადგილი თუ ეს ახალგაზრდები იყვნენ მანამდეც იყვნენ შემჩნეული ნარკოტიკების მოხმარებაში და ამ მომენტშიც რაღაცა ჰქონდათ ალბათ.
მთლად ახლა თავსაც ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არასდროს არ მოუხმარია ნარკოტიკი, მას ვინმე აჩერებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. იმ ადამიანებს აჩერებენ, რომლებიც შემჩნეულნი არიან ნარკოტიკების მოხმარებაში, ხომ ასეა? მე არ ვიცნობ სასამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ იქ ხაზი გასმული იყო იმაზე კი არა მათ ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ არ ყოფილან ნასამართლევი ადრე და ამას გაუწიეს ანგარიში და ამიტომ გამოუშვეს. მათ მე მგონი გირაო გადაახდევინეს.
ჯერ იმაზე ლაპარაკი, რომ მათ ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ ნარკოტიკი, ამაზე ჩვენ ჯერ პასუხი არ გვინახავს. სხვადასხვა მიდგომებია, ის მიდგომა რაც გააჟღერა პრემიერმა, რაც გააჟღერა ენერგეტიკის მინისტრმა, ეს არის გარკვეული ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის. ჯერჯერობით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია კანონად გადაქცეული არ არის, ამიტომ პროკურატურა მარტო იმაზე კი არ რეაგირებს ჩვენს პროგრამაში რა არის, არამედ რეაგირებს ალბათ კონკრეტულ ფაქტებზეც. თუმცა ის, რომ ჩვენს პროგრამაში ასეთ რაღაცა დევს, შეიძლება კონკრეტულ მომენტში ახდენდეს გავლენას,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.