„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. გუშინ გამართული კონცერტის ამსახველ ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ სახის ღონისძიებები მრავალეროვნულ სწავლებაში ჩართული სამხედროების დამეგობრებას ხელს შეუწყობს.
საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები – ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, ნუცა ბუზალაძე, ასევე ხალხური ანსამბლის – „არსიანის“ წევრები წარდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური, ხოლო ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება. სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.