როგორც “გურია ნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ბრალდებულებს მერაბ ფ.-სა და თამარ მ.-ს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, ხოლო თამაზ ლ.-ს გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში.
“საქმის მასალების თანახმად, შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველომ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. თუმცა, ბრალდების თანახმად, მერაბ ფ.-სა და თამარ მ.-ს წაქეზებით, თამაზ ლ.-მ ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა კომპანიაში მოქალაქეთა მიერ ანაბრების სახით შეტანილი თანხები. შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2343 მეანაბრეს.
ღია სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულები არ აღიარებდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას.
სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილად მიიჩნია მერაბ ფ.-ს მხრიდან, თამაზ ლ.-ს წაქეზება სადავო თანხების გაფლანგვის ბრალდების საქმეში. შედეგად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, მერაბ ფ.-ს 10 წლით, ხოლო თამაზ ლ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. თამარ მ.-ს შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარების ბრალდების საკმარისი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ მ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თითოეულ ბრალდებულს, დამატებით 2-2 წლით ჩამოერთვათ საქმიანობის განხორციელების უფლება.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.