საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანებაა შესაძლებელი.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა. 2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (№2/4/570) მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის (დედა, ბებია, ბაბუა, …) გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი.