ანტიბიოტიკები ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. მაგალითად, ისინი შეუცვლელია ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების – პიელონეფრიტის, პნევმონიის, ჩირქოვანი ანგინის, ჰაიმორიტის, აბსცესის, სეფსისისა და სხვათა მკურნალობისას. მაგრამ ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან (გაცივება, გრიპი, ჰერპესი, ჰეპატიტი) ანტიბიოტიკები უძლურია.
თითოეულ მათგანს მოქმედების თავისი სპექტრი აქვს. სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური ანტიბიოტიკი. მაგალითად, პენიცილინი ეფექტიანია სტაფილოკოკით გამოწვეული პნევმონიის დროს, მაგრამ ფილტვების ანთებას, რომლის მიზეზი მიკოპლაზმაა, არ შველის. პრეპარატის სწორად შერჩევაში ეხმარება ექიმს ბაქტერიული მიკროფლორის დათესვა, რომელიც არკვევს ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობას. თუმცა, ბაქტერიებმა გამოიმუშავეს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. ანტიბიოტიკი, რომელიც ადრე შველოდა ავადმყოფს, ახლა შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს.
ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არ შეიძლება. თვითმკურნალობის დროს წამლების არასწორად შერჩევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას. ასე მაგალითად, არაკორექტულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, დისბაქტერიოზი, თირკმლებისა და ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება.
არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი, როგორც კი თავს კარგად იგრძნობს, უარს ამბობს ანტიბიოტიკების მიღებაზე.
ცნობისთვის: თუ ერთი მხრივ, პრეპარატების მიღების ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მათდამი მდგრადი ბაქტერიების შტამის გაჩენა, მეორე მხრივ, ანტიბიოტიკების დიდხანს მიღებით იზრდება თანამდევი ეფექტების რისკი.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. სპირტიანი სასმელები ამცირებს ანტიბიოტიკების მოქმედებას და ზედმეტად ტვირთავს ღვიძლს.
მნიშვნელოვანია წამლის მიღების დროის დაცვა. საკვების მიღების დროზე ყოველი ანტიბიოტიკის დამოკიდებულება ინდივიდუალურია: მაგალითად, “უზმოზე” ნიშნავს, მიიღოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. ხშირად მინიშნებულია – “მალევე, ჭამის შემდეგ”, “ჭამამდე” ან “ჭამის დროს”.
ამ წესების დაცვის გარეშე ანტიბიოტიკი კარგავს ეფექტიანობას, ან შეიძლება სერიოზულად ავნოს ნაწლავების მიკროფლორას.
ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი არ ნიშნავს, რომ საუკეთესოა. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორად იყო შერჩეული და გამოყენებული.